logo
ENG



ლომჯარია: კოვიდვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

19 დეკ 202010:19
3 წუთის საკითხავი
 
ლომჯარია: კოვიდვაქცინა ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა შემოვა, ის ყველასთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს და სოციალური მდგომარეობა არ უნდა იყოს აცრაზე უარის თქმის საფუძველი. 

მთავრობის ადმინისტრაციაში კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ ომბუდსმენმა თქვა, რომ ასევე აუცილებელია, პანდემიის პირობებში ყველა და განსაკუთრებით ვაქცინებთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები გამჭვირვალედ იქნას მიღებული, ასევე, რეგულარულად ხდებოდეს მოსახლეობის ინფორმირებულობა იმ უპირატესობების თუ რისკების შესახებ, რაც შესაძლოა ვაქცინას ახლდეს. 

"ასევე, უპირველეს ყოვლისა, დაკმაყოფილდეს იმ ჯგუფების ინტერესები, რომლებიც მომეტებული რისკის ქვეშ არიან. ასევე, აუცილებელია საყოველთაო ხელმისაწვდომობა. ვაქცინა ხელმისაწვდომი უნდა იყოს არა კონკრეტული ჯგუფისთვის, არამედ, პირველ რიგში, იმ ადამიანებისთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. მათ შორის სოციალური მდგომარეობა თუ სხვა ფაქტორი არ უნდა გახდეს ვაქცინაზე უარის თქმის საფუძველი. 

ამიტომ, ამ კომისიაში სახალხო დამცველის მონაწილეობის მიზანი არის, პირველ რიგში, თვალი ვადევნოთ, როგორ მიმდინარეობს მსჯელობა ამ დარგის პროფესიონალებს და ექსპერტებს შორის და შემდეგ ის, რომ ადამიანის უფლებები იყოს დაცული განხილვის და გადაწყვეტილების პროცესში". - თქვა ლომჯარიამ

მთავრობის ადმინისტრაციაში კოვიდვაქცინაციის პროცესის შეუფერხებელი უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა გუშინ, 18 დეკემბერს ჩატარდა. შეხვედრაზე ითქვა, რომ გარდა COVAX პლატფორმისა, აქტიურად მიმდინარეობს მოლაპარაკებები საერთაშორისო პარტნიორებთან და ვაქცინის მწარმოებლებთან საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური მისიების ჩართულობით. 

უცნობია, კონკრეტულად როდის შემოვალ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინა, თუმცა, NCDC-ის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ თქვა, რომ მას მარტსა და აპრილში უნდა ველოდოთ. 


close დახურვა